ბახმარო

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

ბახმაროში ასვლის რანმედიმე ვარიანტი არსებობს, მათშორის მთისპირიდან, მთის ბილიკებით 28 კმ., მაგრამ ამ შემთხვევაში ავტომანქანას ვერ. გარდა მთისპირისა, ბახმაროში ფეხით ან ცხენებით ასვლა ხიდისთავისა (29 კმ.) და ვაკიჯვრიდან (27 კმ.) მიმავალი ბილიკებითაც შეიძლება.
საავტომობილო გზა ხიდისთავიდან ბახმარომდე გზა 45 კმ-ია. გზა ჯერ მდინარე გუბაზოულს მიუყვება, შემდეგ, კვეთს მას და სერპანტინებით ადის კურორტამდე. ამ ფერდობებზე ორი სოფელია შეფენილი – ქვაბღა და ჩხაკაურა. ორთავე თევზის წარმოებითაა ცნობილი. ქვაბღის საკალმახეში შესვლა და თევზის შეძენა არაა დაშვებული, თუმცა ჩხაკაურაში, როგორც ნახვა ასევე შეძენაა შესაძლებელი. ბახმაროში ასვლამდე გაივლით ცხრაწყაროს, სადაც რამდენიმე ადგილას მოდის მთის ანკარა სასმელი წყაროს წყალი და ლაშე, სადაც პონტოური მუხის კორომია შემორჩნილი. შემდეგ კი ახვალთ ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, საიდანაც ქვემოთ გამოჩნდება ბახმარო.
ბახმარო მთის კლიმატური კურორტია. განსხვავებით გომისმთისგან, ბახმარო ქვაბულში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1950 მეტრზე და ირგვლივ აკრავს ნაძვისა და სოჭის ტყით დაფარული მაღალი მთები, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 2300-დან 2700 მეტრამდე მერყეობს. ბახმაროს ჰავის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ზღვისა და მთის ჰაერი ერწყმის ერთმანეთს. ბახმარო რეკომენდირებულია სუნთქვის ორგანოთა დაავადებების, ტუბერკულოზის, სისხლნაკლებობის, ნევრასთენიის სამკურნალოდ. თუ ადგილობრივებს დავუჯერებთ, ბახმაროს სამკურნალო ჰაერის სრული ეფექტის მისაღებად კურორტზე 21 დღის გატარებაა საჭირო.
სამკურნალო ფაქტორი ბახმაროში ივნისიდან ოქტომბრამდე მოქმედებს. 1932 წლიდან დაიწყო მსჯელობა ბახმაროს, როგორც ზამთრის კურორტის განვითარებაზე. საქართველოს მთავრობას დღესაც აქვს ამბიციური განაცხადი, რომ ბახმარო ოთხი სეზონის კურორტად აქციოს, თუმცა ჯერჯერობით საკურორტო სეზონი აქ კვლავ, ისევე, როგორც საუკუნე ნახევრის წინ, დაახლოებით თვენახევარს გრძელდება.
ბახმაროს ირგვლივ აჭარელი მწყემსების საზაფხულო დასახლებებია. სეზონის დროს ისინი ბახმაროში ყიდიან მათ მიერ წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს: რძეს, მაწონს, კაიმაღს (არაჟანი), ტყეში შეგროვებულ ველურ მოცვსა და ხისგან დამზადებულ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს.
ბახმარო მდიდარია წყაროს წყლებით. მათ შორის დამსვენებლებს შორის ყველაზე პოპულარულია გურიელის საცივი და სილამაზის წყარო. ასევე პოპულარული ადგილებია მთები გადრეკილი და ჩადრეკილი ანუ როგორც ადგილობრივები ეძახიან – მზის ამოსავალი და ჩასავალი გორები. გადრეკილი ბახმაროს აღმოსავლეთით მდებარეობს, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2505 მეტრია და მისი პიკიდან კარგ ამინდში ნათლად ჩანს მზის ამოსვლა. გადიან ღამით, 2-3 საათზე, რათა აისს მწვერვალზე მოუსწრონ. მზის ჩასავალი გორი ბახმაროდან ჩრდილო-დასავლეთით ორ კილომეტრშია და მასზე ასვლა შედარებით მარტივია. ბახმაროს ყველაზე ცნობილი და პოპულარული სანახაობა ტრადიციული დოღია, რომელიც ყოველი წლის 19 აგვისტოს იმართება და უამრავ ადამიანს იზიდავს. ბახმაროდან საცხენოსნო და საფეხმავლო რამდენიმე მიმართულებაა: ობოლი ქვა (4 კმ.), ზოტიყელი (7 კმ.), ბალიანი (13 კმ.), გორიყული (15 კმ.) გომისმთა (25 კმ.), ზოტი (31 კმ.). ბილიკები მარკირებული არ არის, ამიტომ გადაადგილებისას საჭიროა გამყოლი, ადგილობრივის დახმარება, რუკა, GPS ან ელქტრონული აპლიკაციის დახმარება.

1 thought on “ბახმარო

Comments are closed.