გურული სამზარეულო

გურიში აუციელბად უნდა დააგემოვნოთ კეცზე გამომცხვარი უგემრიელესი ხაჭაპური. ისიამოვნებთ თუ გექნებათ შესაძლებლობა ფელამუშში ჯანჯუხების ამოვლებით. ჯანჯუხა გურული ჩურჩხელაა, რომელსაც ნიგვზის ნაცვლად თხილის გულსართი აქვს.
საერთოდ გურული სამზარეულო ცნობილი და სახელგანთქმული არ არის, არადა სულ ტყუილად. ჯერ მხოლოდ საცივი, სპეციალური წესით მოხარშულ ნიგვზის სოუსში ჩადებული ინდაური და კიდევ არაერთი კერძი არის ძალიან გემრიელი და ჭეშმარიტად დასაფასებელი. ზოგადად, გურული სამზარეულოსთვის დამახასიათებელია ფრინველის ხორცის კერძები: ჩაშუშული იხვი, მოხრაკული ქათამი, შემწვარი ვარია ურწყულით, შემწვარი ქათამი ნიგვზის ბაჟეთი.
ამავდროულად გურია ნამდვილი სამოთხეა ვეგანებისთვის: მჭადი, ღომი ბაჟეთი, სხვადასხვა სახის ლობიო: კირკვალი, ამოლესილი, ნიგვზიანი ან ლობიანში გამომცხვარი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, სხვადასხვა სა- ხის მხალეულობა, რომლებსაც გურიაში ფხალს ეძახიან: ჭინჭარი, ჯიჯილაყა (ჭიჭილაყა), კეჟერა, ეკალა, ძიგურა, ჭყანა; ახალი კარტოფილი მწვანე ტყემლით, მოხარშული გოგრა (ხაპერა- როგორც გურიაში ეძახიან), კეცზე შემწვარი სხვადასხვა სახის სოკო.
თავად კეციც ტრადიციული გურული სამზარეულოს აუცილებელი ატრიბუტია. შუაცეცხლზე ქვის კეცს ან თიხის კერამიკას შემოადებდნენ და მასში აცხობდნენ მჭადებს, ხაჭაპურებს, ბრინჯულას (გურული ბლინი ყველით და კვერცხით); წვავდნენ თევზს, სოკოს, წიწილას. გამოცხობისთვის კეცებს დააპირქვავებენ ძლიერად ანთებული ცეცხლის მუგუზლებზე და გაახურებენ გაწითლებამდე, შემდეგ გადმოიღებენ საკეცით, ზედ დააცხობდნენ ცომს და მიუფიცხებენ ნაკვერჩხლებს. გურულები კეცის ძირში ვაზის, კაკლის, წყავის ან შქერის ფოთლებს აფენენ, რაც კერძებს განსაკუთრებულ არომატს აძლევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *