ბუკისციხე

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

სოფელ იანეულის გავლით მდინარე სუფსის ერთ საინტერესო ადგილს მიადგებით. მდინარე სურების ვიწრო ხეობიდან გაშლილ ველზე გამოდის, წყალი ბუნებრივად დაგუბებულია და საცურაო ადგილებს ქმნის. სუფსის ამ მონაკვეთს მოსახლეობა გურიის ტბას ეძახის. აქ ბევრ დამსვენებელს შეხვდებით. ზოგადად გურიაში თვალშისაცემია ვიზუალური განსხვავება ადგილობრივებსა და სტუმრებს შორის.
გურიის ტბას ორივე მხრიდან მაღალი მთა ადგას თავს. აქედან ერთზე ძველი ციხე-კოშკის ნანგრევები დგას. ამ ადგილებში ადამიანი ჯერ კიდევ გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა. ანტიკურ ეპოქაში აქ უკვე ჩნდება ქალაქური ტიპის დასახლება. ციხის უძველესი სამშენებლო ფენა ადრეფეოდალური ხანისაა. ციხიდან ახლა მხოლოდ ჩრდილოეთ კოშკის ნანგრევია შემორჩენილი. ეს კოშკი VI-VII საუკუნეებითაა დათარიღებული. კოშკამდე გურიის ტბიდან ციცაბო ბილიკი ადის. ბილიკი და ციხის ტერიტორია მცენარეული საფარისგან გაწმენდილი არ არის.
გურიის ტბის ზემოთ სურები იწყება. სურების 10- მდე სოფელი ამჟამად მოსახლეობისგან პრაქტიკულად დაცლილია. აქ სანახავი თითქმის არაფერია გარდა ლამაზი ბუნებისა, თუმცა სურების ხეობა საინტერესოა ლაშქრობის მოყვარულთათვის. აქედან საფეხმავლო ბილიკები გადადის იმერეთის სოფელ ყუმურში (20 კმ.), ზღვის დონიდან 2664 მეტრზე მდებარე ჯაჯის ტბაზე (55 კმ), საიდანაც ბილიკები მიემართება კურორტ საირმემდე, აბასთუმნამდე, იმერეთის, აჭარისა და სამცხის სხვადასხვა სოფლებამდე.