ნაკაშიძეების ნამოსახლარი

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

კიდევ ერთი გამორჩეული ადგილი ზედუბანია, სადაც გურული ფეოდალების ძველი ნამოსახლარი შეგვიძლია ვიხილოთ. საუცხოოა ხედი სოფლის გორაკიდან, საიდანაც ჩანს შავი ზღვის მთელი სანაპირო ქობულეთიდან ფოთამდე და მდინარე ნატანების  ველი. ეს ადგილი  ნაკაშიძეების   ნამოსახლარია.  ნაკაშიძეები  ძლიერი  ფეოდალები  გახლდათ,  რომლებსაც  მთელი  ის ტერიტორია  ეკუთვნოდათ, რაც სოფლის გორაკიდან  მოჩანს, საცხოვრებელი   კი  ზედუბანში, სწორედ ამ გორაკზე ჰქონიათ.  ყვებიან ერთ განსაკუთრებულ ისტორიას  ერთ-ერთი  ნაკაშიძისა  და მისი შვილის შესახებ. მამას უცხოეთში განათლებამიღებული   შვილი  ამ გორაკზე აუყვანია  და უთქვამს,  „რასაც ხედავ, ყველაფერი ჩვენ გვეკუთვნის“, სოციალ-დემოკრატიული იდეებით გატაცებულ  შვილს კი უპასუხია, აბა ხალხის რაღა არისო?

ნაკაშიძეს მოწყობილი  ჰქონდა ხელოვნური  გამოქვაბული,  რომელსაც,  სავარაუდოდ, ღვინის მარნად  ან სხვადასხვა  პროდუქტის   შესანახად იყენებდა. იქვე ჰქონდა  კუსტარულად   დამზადებული ჩაის ფაბრიკა. გამოქვაბულის შესასვლელი გორაკის ჩრდილოეთ მხარესაა მოქცეული და დაუკვირვებელი თვალისთვის შეუმჩნეველია, რადგან მცენარეები  ფარავს. შესასვლელი ფართოა, კედლები კი აგურითაა ამოყვანილი. გამოქვაბული  გამოიყენებოდა 1920-იან წლებამდე.  გადმოცემის  თანახმად ამ გამოქვაბულში შენახული ჩხავრის ღვინო მეორე  მსოფლიო ომის დროს საჩუქრად გაუგზავნიათ სტალინისთვის. ამჟამად გაურკვევლია თუ ვის საკუთრებაშია ნაკაშიძეების ნამოსახლარი.