კალანდა

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

ჩიჩილაკი აუცილებელი გურული საკალანდო ატრიბუტია, კალანდა კი გურული ახალი წელია, 14 იანვარი. კალანდა რომაული სიტყვა და თვის დასაწყისს ნიშნავს. კალანდისთვის მზადებას გურული კაცი რამდენიმე დღით ადრე იწყებდა. ჯერ ამზადებდა ჩიჩილაკს, ანუ ბასილას წვერებს. ამისთვის მოჭრიდა თხილის ან ლუკუმხას (ხეჭრელი) ტოტს, რომელსაც კანს გააცლიდა, ცეცხლზე გარუჯავდა დრეკადობის მისაცემად და შემდეგ ზემოდან ქვემოთ წვრილ ბურბუშელებს აათლიდა და გამოდი- ოდა ოვალური ფორმის ხის იმიტაცია, რომელსაც სადგარზე დაამაგრებდნენ, სუროს ფოთლით, კურკანტელათი, ხილით, ჩურჩხელით, აბრეშუმით, სანთლებით რთავდნენ.
კალანდის წინა დღეს ცხემლისჭრა იყო. მამაკაცები ტყეში ცხემლის საჭრელად წავიდოდნენ, რადგან კალანდა ღამეს ბუხრები აუცილებლად ცხემლის შეშით უნდა ანთებულიყო. მთავარი რიტუალი უკვე გამთენიისას იწყებოდა, როცა ოჯახის უფროსი ხის გობზე ჩიჩილაკს, ღორის თავს, ნაზუქებს და ტკბილეულს დაალაგებდა და სახლს, მარანსა და ნალიას სამჯერ შემოუვლიდა და ღვინის ღვთაება აგუნას ადიდებდა.
გურულებს საკუთარი საშობაო რიტუალიც ჰქონდათ: საშობაო ღვეზლისა და მუცლის სალოცავის დაცხობა. გურული საშობაო ღვეზელი ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპურია, რომელშიც წინასწარ მოხარშული და შუაზე გაჭრილი კვერცხი დევს. გურულები ღვეზელს სხვადასხვა ზომისას აცხობდნენ და მასში კვერცხიც განსხვავებული როდენობისა იყო. ყოფილა საუფროსო, საუმცროსო, სასტუმრო ღვეზლები. მუცლის სალოცავი იგივე ღვეზელია, ოღონდ პატარაა, შიგნით მთელი კვერცხი აქვს და ყველასთვის ერთი ზომისა ცხვება. მუცლის სალოცავს ოჯახის დიასახლისი დანარჩენებს მუცელსა და თავზე შემოატარებდა და ისე დალოცავდა.