ჩოხატაურის მუზეუმი

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

სოფელ დაბლაციხეში, ნიკო მარის მუზეუმი მდებარეობს. მუზეუმი კერძო საკუთრებაა და იქ ნიკო მარის ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, ნაშრომები და ავეჯია დაცული. ცნობილი მეცნიერის, ნიკო მარის მამა, აგრონომი იაკობ მარი ამ სოფელში მამია V გურიელის მოწვევით დასახლდა XIX საუკუნეში და მევენახეობა- მეღვინეობას ეწეოდა. მარების შთამომავლებმა სახელგანთქმული წინაპრის პატივსაცემად ძველი ხის ოდა-სახლი შეისყიდეს და მუზეუმი მოაწყვეს. მუზეუმის მიგნება ადვილია, ის გზასთან ახლოსაა და მანიშნებელი აბრაც არის, ხოლო შესვლა კი უფასოა.
ჩოხატაურში კი მხარეთმცოდ-ნეობის მუზეუმი მდებარეობს. აქ წარმოდგენილია არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, ადგილობრივ ფეოდალთა ფუფუნების საგნები და ავეჯი, ძველი ფოტოები და სხვა.
ყველაზე მეტად საინტერესო ექსპონატებია უძველესი სასოფლო-სამეურნეო კულტურის, ღომის თავ-თავი. ღომი, ანუ როგორც გურულები ეძახიან ღომის- ღომი ამერიკის კონტინენტიდან სიმინდის შემოსვლასა და გავრცელებამდე გურიისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს მთავარი მარცვლოვანი კულტურა იყო. აქვე ნახავთ სურებში აღმოჩენილი იარაღის არალეგალური სამჭედლოდან ამოღებული ინსტრუმენტები. 1900-იანი წლების დასაწყისში გურული არალეგალები ამ ინსტრუმენტებით იარაღს ამზადებდნენ და რევოლუციონერებს ამარაგებდნენ.