უდაბნოს მონასტერი

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

უდაბნო ძველქართულად დაუსახლებელ ადგილს ნიშნავს, თორემ ამ სიტყვის დღევანდელ მნიშვნელობას ეს ადგილი არაფრით შეესაბამება, ესაა სიმწვანეში ჩაფლული, ანკარა წყლებით მდიდარი ადგილი, საიდანაც დაბა ჩოხატაურის შესანიშნავი ხედები იშლება.
აქაა გურიაში ერთადერთი კლდეში გამოკვეთილი ეკლესია. მისი აგების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ზოგი მოსაზრებით VI საუკუნის მეორე ნახევრის უნდა იყოს. ამის გარდა მთაგრეხილის ქვედა ნაწილში კიდევ ოთხი გამოქვაბულია, რომელთაც ერთი მხრიდან ხელოვნურად აქვთ მიცემული აფსიდის ფორმა და სავარაუდოდ სალოცავის მოვალეობას ასრულებდნენ. კლდეში გამოკვეთილი ეკლესიისა და სენაკების გამო უდაბნოს გურიის ვარძიას უწოდებდნენ.
ფერდობის ზედა ნაწილში, კლდის ეკლესიიდან 200 მეტრის დაშორებით დგას XIX საუკუნის ეკლესიის კედელი. ის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 1958 წელს დაანგრია სამშენებლო მასალების მოპოვების საბაბით. ნგრევას გადარჩა აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლები, რომლებითაც ამჟამად ახალი ეკლესიის გრუნტის საყრდენი კედელია მოწყობილი.