|
გურია ყველაზე ნაკლებად ასოცირდება დიდ მდინარეებთან და ჩანჩქერებთან. მაგრამ გაოცებული დარჩებით, როდესაც თითქმის ყველა სოფელში, აუცილებლად შეგხვდებათ საუცხოო სანახაობა – ჩანჩქერი. გურიის ყველა სოფელში მოდის სულ მცირე ერთი მცირე მდინარე, ანუ ღელე, როგორც ადგილობრივები უწოდებენ და გურიის გორაკ-ბორცვიან ლანდშაფტში მომდინარე ეს ღელეები დიდ ჩანჩქერებს არა, მაგრამ მცირე წყალვარდნილებსა და კანიონებს ქმნიან. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ლამაზია და მონახულებად ღირს.
გურიის შუაგულში, მდინარე სუფსის შუა წელში, მის მარჯვენა მხარეს მდებარე მეზობელ სოფლებში რამდენიმე მცირე ჩანჩქერია თავმოყრილი. აღსანიშნავია ერთ-ერთი, საავტომობილო გზასთან ახლოს მდებარე საქვიხიას კანიონი.
პირველი სამი ჩანჩქერი სოფელ ქვედა ძიმითშია. ხიდის გადაკვეთისთანავე გზაჯვარედინზე შუა გზას თუ დაადგებით 3 კილომეტრში შიდასასოფლო გზით მდიარე ხარხამელას მიადგებით. ამის შემდეგ მარშრუტი უშუალოდ მდინარის კალაპოტში გრძელდება, მაგრამ თუ ავდრების სეზონი არაა, მდინარის წყალმცირობის გამო კალაპოტში გადაადგილება რთული არ არის. წყალი სუფთა და გამჭვირვალეა, მასში იოლად გასარჩევია სხვდასხვა სახეობის წყლის ბინადრები (თევზები, კიბორჩხალები). თანდათანობით ხეობა ვიწროვდება და მის კანიონისებურ მონაკვეთს მიადგება, სადაც ჯერ მცირე ზომის ჩანჩქერი გვხვდება, ხოლო შემდეგ დიდი ჩანჩქერი.
თუ ხიდის გადაკვეთის შემდეგ მთავარ გზას გაჰყვებით, და სოფლის ცენტრში მისვლამდე მთავარი გზიდან მარცხნივ გადაუხვევთ, შიდა სასოფლო გრუნტის გზა კიკალომეტრზე ნაკლებ მანძილში პატარა ღელესთან მიგიყვანთ. აქედან უშუალოდ ღელეს აყვებით და ორ კასკადად ვარდნილ პატარა ჩანჩქერს მიადგებით.
აღსანიშნავია სოფელ აცანა, სადაც მდინარე აცაურას ლამაზ კანიონში რამდენიმე საინტერესო ადგილია ერთმანეთთან ახლოს, აკვანა, საჟლიანა და საქვიხია. მათ შორის ყველაზე ლამაზი საქვიხიაა, აქ კანიონზე ჩასასვლელი რკინის კაპიტალური კიბეა მოწყობილი.
ასევე, სოფელი ორაგვეს, სადაც სოფელში შესვლამდე მიადებით ჩანჩქერს ორაგვისღელის ერთ-ერთ მარჯვენა შენაკადზე.
სოფელ მამათში კი გარდა ჩანჩქერისა ედუარდ შევარდნაძის სახლსაც ნახავთ. შევარდნაძე საბჭოთა საქართველოს პირველი პირი იყო 13 წლის განმავლობაში, შემდეგ კი საქართველოს მეორე პრეზიდენტი. ჯერ კიდევ მის სიცოცხ- ლეში შევარდნაძის ბიძას ძველი სახლი ახალ ეზოში გადაუტანია, ხელახლა დაუდგამს და ახალი ოთახებიც მიუშენებია. ამ სახლს, რომელიც დღესაც შევარდნაძეების ოჯახის საკუთრებაა, მუზეუმის სტატუსი არ აქვს, მისი გასაღები მეზობლებთან ინახება და შესვლა და დათვალიერება ჯერჯერობით ყველასთვის შესაძლებელია.