ეგნატე ნინოშვილის მუზეუმი

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

ლანჩხუთიდან დასავლეთითი, 15 კმ.ში სოფელი არჩეულში ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს. სიცოცხლის ბოლო წლებში მომავლის გაზაფხულის პირველი მერცხალი, როგორც აკაკიმ უწოდა, ამ სახლში ცხოვრობდა და აქ გარდაიცვალა 35 წლის ასაკში. დაკრძალულია მეზობელ სოფელ ჩანჩეთში. 1894 წლის მისი დაკრძალვის დღეს, სოფელ ჩანჩეთის სასაფლაოზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. მის დაკრძალვაზე სილიბისტრო ჯიბლაძემ წარმოთქვა ნოე ჟორდანიას მიერ დაწერილი პოლიტიკური პროგრამა, რაც საქართველოში ე.წ. მესამე დასის სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის დაფუძნებას ნიშნავდა.
არჩეულიდან აღმოსავლეთით, სოფლის გრუნტის გზით სოფელ ბაღლეფში გამოვედით. აქვეა გოარკი, რომელსაც ადგილობრივები ნასაყდრალს ეძახიან. გორაკის თავზე, XIV საუკუნის ეკლესიის ნანგრევებია. ბაღლეფის ეკლესია გურიის ისტორიის შესწავლისთვის უმნიშვნელოვანესი ყოფილა, რადგან ერთ დროს მასზე შემორჩენილ წარწერებში უძველესი ვარდანისძე-გურიელები ყოფილან მოხსენიებული. ეკლესიის ეზოში ბლომად უპოვიათ ქვევრების ნარჩენები. ხალხური ლეგენდის მიხედვით ეკლესიის ეზოში ოქროსხმლიანი სარდალი ყოფილა დამარხული. ამჟამად წარწერები აღარ ჩანს, ეკლესია სანახევროდ დანგრეულია.