გურიის რესპუბლიკა

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

ყველას გაუგია ამბავი, რომ 1905 წელს გურულებმა საკუთარი რესპუბლიკა. ნასაკირალის ბრძოლის მონუმენტს იხილავთ ნასაკირალის უღელტეხილზე. 1905 წლის 16 ოქტომბერს რევოლუციურად განწყობილმა ხალხმა ნასაკირალისა და ცხავათას მთებს შორის გასასვლელი ჩაუკეტა ოზურგეთის გარნიზონს, რომელიც ჩოხატაურიდან ოზურგეთში ბრუნდებოდა. სწორედ ამ ბრძოლის გამართვის შემდეგ გამოაცხადეს გურიის მხვნელ-მთესველთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა და ეს იყო უმაღლესი წერტილი იმ სოციალური მოძრაობისა, რომელიც გურიაში 1901 წელს დაიწყო, რომელშიც ჩართული იყო საზოგადოების სხვადასხვა ფენა: გლეხი, მუშა, მასწავლებელი, მღვდელიც კი.
წლების განმავლობაში გურიის გლეხები ეწეოდნენ რევოლუციურ საქმიანობას: აწარმოებდნენ იარაღს არალეგალურად, ქმნიდნენ სამხედრო დაჯგუფებებს, მიმართავდნენ ტერორსა და ძალადობას, ეწეოდნენ საგანმანათლებლო მუშობას, აწყობდნენ ქოხ-სამკითხველოებს და შემოჰქონდათ არალეგალური პოლიტიკური ლიტერატურა, მემამულეებს უწყობდნენ ბოიკოტს, ატარებდნენ მიტინგებს, გამოდიოდნენ დრომოჭმული ტრადიციების წინააღმდეგ.
1900-იანი წლების დასაწყისის გურიის გლეხთა სოციალური მოძრაობის ლიდერები ბენია ჩხიკიშვილი, თედო კიკვაძე, ისიდორე რამიშვილი, ნოე რამიშვილი, ლიზა ბოლქვაძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე ცინცაძე, გერასიმე მახარაძე, ნოე ხომერიკი მოგვიანებით საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების სათავეებთან იდგნენ.
ნასაკირალის ბრძოლა რეალურად მცირე შეტაკება იყო, რომელშიც მხოლოდ ორი ადამიანი დაიღუპა და უშედეგოდ დასრულდა, აჯანყებულებმა ალყა მოხსნეს და გარნიზონი ოზურგეთისკენ გაატარეს, ამიტომ ნასაკირალის მონუმენტი არა მხოლოდ ბრძოლის, არამედ უპირველესად თავისუფლებისა და სოციალური თანასწორობისთვის ბრძოლის სიმ- ბოლოდ გვამახსოვრდება.