ჯუმათის ეკლესია

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

ჯუმათის ეკლესია, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კულტურულ ძეგლადაა აღიარებული, დგას მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, გურიის სერის ერთ-ერთ თხემზე, ზღვის დონიდან თითქმის 500 მეტრზე. ეკლესიის ეზოდან თვალწინ იშალება ფართო ჰორიზონტზე გაშლილი დიდებული სანახაობა: კოლხეთის დაბლობი, კავკასიონი, პალიასტომის ტბა, აჭარის სანაპირო ზოლი.
ჯუმათის ტაძარი ბაზილიკის ფორმისაა და ადრეფეოდალური ხანით თარიღდება. 1847 წელს სამხრეთის მხრიდან ეკვდერი, დასავლეთიდან კი კარიბჭე მიუშენებიათ. ტაძარში არსებული ფრესკები XVI-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება. ფრესკების ნაწილი XIX საუკუნეში გადაუთეთრებიათ.
ჯუმათი საუკუნეების განმავლობაში ეპარქიის ცენტრს წარმოადგენდა და ძალიან ბევრ სიმდიდრეს ინახავდა. განსაკუთრებით ძვირფასი ყოფილა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ხატები. მათზე უძველეს გურიელთა შესახებ ცნობები იყო დაცული და თითოეული მინანქრის მედალიონებით იყო მორთული. ხატები 1880-იან წლებში დაიკარგა, ამ ხატებიდან მოხსნილი მედალიონები კი დღეს თბილისის, სანკტ-პეტერბურგის, პარიზისა და ნიუ-იორკის მუზეუმებშია დაცული.
ლეგენდის მიხედვით პალიასტომის ტბის გაჩენისას ტბაში ჩაძირულა მის ნაპირებზე მცხოვრები „პავლიას ტომი“. გადარჩენილა მხოლოდ ერთი დიაკვანი, გვარად დარჩია, რომელმაც გაუტაცია მთავარანგელოზის ხატი და აუტანია მთაზე, სადაც მოგვიანებით ეკლესია ააშენეს, ხოლო დიაკვანი ტაძრის დეკანოზად დააყენეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *